საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, მოდის სახლ Balenciaga-ში გაიმართა.

მათივე განცხადებით, პრეზიდენტმა დემნა გვასალიას სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა და ქართველი ხალხის სახელით ჯილდოს მიღება მიულოცა.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც იმ ყველაფრის დაფასებაა, რაც შეძელით და რასაც მიაღწიეთ.

ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა. ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებიული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც ჯერ წინ არის, ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა!" — განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დემნა გვასალიამ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის მადლობა გადაუხადა.