დღეს, 28 სექტემბერს საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები გამოაცხადა. როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. 4 ოქტომბრიდან სწავლა დაიწყება საბავშვო ბაღებში და მუშაობას განაახლებს ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.

ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე, კერძო ბაღებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მისი თქმით, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებს ექნებათ საშუალება, რომ აირჩიონ სწავლის შესაბამისი ფორმატი.

"[მათ] 4 ოქტომბერს უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია, ჩვენს სამინისტროსთან შეთანხმებით", — განაცხადა ჩხენკელმა.

გარდა ამისა, 4 ოქტომბრიდან აუცილებელი იქნება, რომ სასწავლო სივრცეში ყველამ პირბადე ატაროს. ხოლო მშობლებს შეეძლებათ, სურვილისამებრ აირჩიონ, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს თუ საკლასო ოთახებში.

"მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ამისათვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში", — აღნიშნა მან.

ამასთან, განათლების მინისტრის თქმით, აცრილი მასწავლებლების რაოდენობა უკვე 65%-ს უახლოვდება და აქტიური კამპანია მასწავლებლების ვაქცინაციის წასახალისებლად გრძელდება. ჩხენკელმა, განსაკუთრებით, მშობლებს მოუწოდა, რომ აიცრან.

რაც შეეხება კვების ობიექტებზე დაწესებულ რეგულაციას, ის საბჭომ უცვლელი დატოვა. ისინი კვლავ 22:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო ისევ მაყურებლის გარეშე ჩატარდება სპორტული ღონისძიებები.