თბილისის მერმა, კახა კალაძემ, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია მთავარი არხის ჟურნალისტები და კითხვის პასუხად ტელეკომპანიის წარმომადგენელს უთხრა, რომ მათზე უფრო "დიდი რადიკალები" და "უბინძურესი ადამიანები" ქვეყანაში არ არსებობენ. ამ ფორმით კალაძე გამოეხმაურა ჟურნალისტის რეპლიკას მედიის დევნის, 5 ივლისისა და ევროკავშირის ოფისის წინ ქართული ოცნების აქტივისტების მობილიზების შესახებ.

"თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, აი, თქვენ ხართ ამის სახე", — განაცხადა კალაძემ და სხვა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა გააგრძელა.

მთავარის ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ამ სიტყვებით მერი მის დისკრედიტაციას ცდილობს, რაზედაც კალაძემ უპასუხა: "იმაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა, ნახე სად მუშაობ. მაგაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა".

ამ განცხადებების შემდეგ კალაძე ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ ის ოპონენტებს შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით არ მოიხსენიებს და წინასაარჩევნო დისკრედიტაციაში ჩართული არ არის. ჟურნალისტებმა მას მიუთითეს, რომ რამდენიმე წუთის წინ მედიის მიმართ სწორედ ასე იქცეოდა, რის პასუხადაც მან ისევ მედია დაადანაშაულა.

"ეს არის თქვენი სატელევიზიო ეთერების, შეგიძლიათ ნახოთ, ნახოთ ის საარჩევნო კლიპები. ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის ბოროტება, ეს არის ყველაზე სიბინძურე, რაც კი შეიძლება მოიგონოს ადამიანმა, ცილისწამება. ფაქტებს გეუბნებით ამას, მე ხომ არ ვიგონებ, ფაქტებს გეუბნებით. ჩართეთ თქვენი ტელევიზიები და ნახეთ ის შეურაცხყმყოფელი განცხადებები, ეთერები, კონკრეტული გადაცემები, რომელიც ეძღვნება კახა კალაძეს, ეძღვნება ჩემს ოჯახს, ამაზე დიდი სიბინძურე რა გინდათ და ამას ხელს აწერთ და მე მეუბნებით პატიოსნებაზე. არ გრცხვენიათ მართლა?", — ამბობს კალაძე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახა კალაძე, ისევე, როგორც ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციურ და კრიტიკულ მედიას თავს ესხმიან, კითხვებს არ პასუხობენ ან მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი. დიდი ხნის განმავლობაში ისინი საერთოდ უარს ამბობდნენ მათთან კომუნიკაციაზე, ეთერებში მისვლასა და ინდივიდუალური კომენტარების ჩაწერაზე.

მმართველი გუნდი მსგავსი დამოკიდებულების გამო არაერთხელ გააკრიტიკა მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს აძლიერებს პოლარიზაციას და ჟურნალისტებს საფრთხეს უქმნის, რადგანაც ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს.

ამავე თემაზე: