დღეს, 29 სექტემბერს 3 ოპოზიციური პარტიის: ნაციონალური მოძრაობის, გირჩი — მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები მედიას შეხვდნენ, თუმცა პრესკონფერენციაზე მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები მიიწვიეს. ონლაინ მედია ღონისძიებას არ ესწრებოდა. პრესსამსახურებში ამის მიზეზად კოვიდრეგულაციებს ასახელებენ და ამბობენ, რომ სასტუმროში, სადაც შეხვედრა ჩატარდა, მხოლოდ 20 ადამიანი დაშვების უფლება მისცეს.

ონლაინ გამოცემა პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი პარტიების მიდგომას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამგვარი დაყოფა გაუგებარია.

"ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და არ მივუწვევივართ და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამგვარი ტიპის ღონისძიებებში ონლაინ მედიაც მიწვეული იყოს. გაუგებარია ამგვარი დაყოფა, ეს პრაგმატულადაც გაუგებარია, მით უმეტეს ამ ეპოქაში", — აცხადებს ვარდიაშვილი.

ნეტგაზეთის რედაქტორი, დათო ქოქოშვილი ამბობს, რომ პრესკონფერენციაზე არმიწვევა განსაკუთრებულად პრობლემურად მიაჩნია იმ ფონზე, როცა არც ნიკა მელიამ და არც მისმა ძირითადმა კონკურენტებმა, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ მანამდე არ ჩათვალეს საჭიროდ ნეტგაზეთისთვის ინტერვიუ მიეცათ თბილისთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

"პარტიის პრესსამსახურში აგვიხსნეს, რომ ამის მიზეზი არის კოვიდრეგულაციები, რადგან ვერ მოახერხეს გამოენახათ ფართი, სადაც 20 ადამიანზე მეტი შეძლებდა პრესკონფერენციაში მონაწილეობას. ცხადია, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი, რადგან ჩანს, რომ მიზანი ამ შემთხვევაში მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტების მიწვევა იყო და არა ზოგადად ჟურნალისტების, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობენ", — ამბობს დათო ქოქოშვილი.

ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე მიიჩნევს, რომ მედიის ამგვარი სეგმენტირება კატეგორიულად დაუშვებელია.

"მიუღებელია, რომ კოორდინირებული ოპოზიციის ნაწილის შეხვედრაზე წარმოდგენილია მხოლოდ სატელევიზიო მედია. კატეგორიულად დაუშვებელია მედიის ამგვარი სეგმენტირება და ვიმედოვნებ, რომ არასატელევიზიო მედია შეძლებს ასეთივე ფორმატში კითხვების დასმას", — ამბობს ლევან სუთიძე.

ამ მიდგომას მიუღებელს უწოდებს On.ge-ს მთავარ რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ონლაინ მედიას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.

"ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ონლაინ მედია მეორეხარისხოვნად მიიჩნევა — გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელი პირები კითხვებს ისედაც ხშირად გაურბიან, ტელევიზიებს მაინ მეტ-ნაკლებად ეკონტაქტებიან, ჩვენთვის კი ბარიერი უფრო დიდია. მაგალითად, თბილისის მერობის კანდიდატებთან გვსურდა ინტერვიუ მათ ხედვებთან დაკავშირებით, თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც ყველა კვლევით ყველაზე მეტი რეიტინგი აქვთ, ანუ კახა კალაძე, გიორგი გახარია და ნიკა მელია ჩვენთვის ვერ იცლიან. ზუსტად ამ ადამიანებს ყოველ დღე ვხედავთ სხვადასხვა არხის ეთერში", — ამბობს ხატია ღოღობერიძე.

პრესკონფერენციაზე არ მიიწვიეს არც რადიო თავისუფლება და ინტერპრესნიუსი.

ამ თემაზე დღევანდელი შეხვედრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერებსაც ჰკითხეს. ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ცალკე გამართავენ შეხვედრას სპეციალურად ონლაინ მედიისთვის და "თუნდაც ფეისბუქმომხმარებლებისთვის ან სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის". ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი პრესკონფერენციები სისტემატურად ჩატარდება და აუცილებლად იქნება შეხვედრა ონლაინ მედიებთან.

"უბრალოდ, კოვიდრეგულაციებმა არ მოგვცა საშუალება, რომ მთლიანად ყველა მედია შეგვეკრიბა, ვერ გამოვარჩევდით ვერავის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი ეტაპი დაგვეთმო ტელევიზიების წარმომადგენლებისთვის და შემდგომ აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მიეცემათ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საშუალება, რომ დასვან მათთვის სასურველი შეკითხვები", — თქვა სალომე სიგუამ.

თუმცა არც სიგუას და არც ჯაფარიძეს შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებიათ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 2 დღეა დარჩენილი.

დღევანდელ პრესკონფერენციას არ ესწრებოდა ამ პარტიებთან კოალიციაში მყოფი ევროპული საქართველო. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა On.ge-ს უთხრა, მათ შეხვედრის შესახებ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია.