ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია.

"სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია", — წერს ექსპრეზიდენტი ფეისბუქგვერდზე.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ახლა ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ის აღნიშნავს, რომ ესმის სააკაშვილის სურვილის იმყოფებოდეს სამშობლოში, თუმცა ფიქრობს, რომ ეს გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში.