საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10,3%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12% იყო.

ფოტო: საქსტატი

იქიდან გამომდინარე, რომ გასული წლის აგვისტოში ეკონომიკის ვარდნა 5,3% იყო, მიმდინარე მონაცემების დათვლისას მნიშვნელოვანია ე.წ. საბაზისო ეფექტის გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, სრული სურათის სანახავად არსებული მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებსაც უნდა შევადაროთ. თუ ამას გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ 2021 წლის აგვისტოში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია 4,5%-ით.

საქსტატის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება. რაც შეეხება კლებას, ეს მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებს შეეხო.

საქსტატის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტი 26%-ით, ხოლო იმპორტი 20,7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22,3%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის აგვისტოში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 13,2%-ით, 3 602-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 31,2%-ით 9,3 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაცია 12,8%-იყო. უნდა ითქვას, რომ ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო. რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, ხოლო მერე კვარტალში 29,8%-ით გაიზარდა.