მოძრაობა სირცხვილია ტელეკომპანია ფორმულას სოლიდარობას უცხადებს. აქტივისტები ამბობენ, რომ კარს მომდგარი არჩევნების პირობებში ყველა მოსალოდნელ რეპრესიას "ქვეყნის დემოკრატიის მცველები" ერთსულოვნად უნდა შეხვდნენ.

"ქართული ოცნების მთავრობა დიდი ხანია მხოლოდ მაშინ ერიდება დანაშაულებრივ ქმედებას, როდესაც მისი განხორციელებით უფრო დიდი პოლიტიკური ზიანის პერსპექტივას ხედავს, ვიდრე არგანხორციელებით.

გვახარებს ქვეყნის დემოკრატიის მცველების შემართება და ვისურვებთ, რომ კარს მომდგარი არჩევნების პირობებში მოსალოდნელ ყველა რეპრესიას ასე ერთსულოვნად აღვუდგეთ წინ და ნაბიჯ-ნაბიჯ გადავჩეხოთ ავტორიტარიზმი იქ, სადაც ის ჩვენს გადაჩეხვას ცდილობს. ვიცით რომ არ გამოუვათ, რადგან მათ მხარეს პირადი კეთილდღეობაა, ჩვენ მხარეს კი სიმართლე, ღირსება და უკომპრომისო თავდადება. სოლიდარობა კრიტიკულ მედიას და მებრძოლ ჟურნალისტებს", — ვკითხულობთ მოძრაობა სირცხვილიას განცხადებაში.

სირცხვილიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს ფორმულას დაყადაღების ალბათობას, "ძლიერ შორს არის ადეკვატურობისგან".

"თავდაცვის სამინისტროს განცხადება, თითქოსდა მათ არც კი დაუშვიათ, რომ ფორმულას ტელევიზიის წილების დაყადაღება მოეთხოვათ და კარგად აცნობიერებენ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის კრიტიკული მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რბილად რომ ვთქვათ, ძლიერ შორს არის ადეკვატურობისგან და ეფუძნება ილუზიას, რომ ქართველი ხალხი ვერ ვხედავთ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ გვახსოვს გუშინდელი მოვლენები და ვერ ვჭვრეტთ ხვალინდელს", — ვკითხულობთ მოძრაობის განცხადებაში.

დღეს, 30 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, ისინი თავდაცვის უწყების მიმართ "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვენ.

დღესვე ტელეკომპანია ფორმულაში თემაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ფორმულას დირექტორის, ზურაბ გუმბარიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ნაწილია. გუმბარიძე არ გამორიცხავს მედიასაშუალების ქონების დაყადაღებასაც.

ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "არც კი დაუშვიათ" ალბათობა რომ ტელევიზიის წილის დაყადაღება მოეთხოვათ.

გაიგე მეტი: