პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სააკაშვილს იმის გამბედაობა არ აქვს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

"არასერიოზულია ეს ყველაფერი, პირდაპირ გეტყვით, მე არ მგონია, რომ მას ჰქონდეს იმისი გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა".

თუმცა, მეზვრიშვილი სააკაშვილის სავარაუდო ჩამოსვლაზე პასუხისმგბელობას ქართულ ოცნებას აკისრებს და ამბობს, რომ სააკაშვილი ალბათ "ოცნების რომელიმე წევრს ჰყავს შეფარებული".

"პირველ რიგში, ქართული ოცნება გამოვიდეს, გაბედოს და განცხადება გააკეთოს, დამალული როა ახლა და ამ პოსტთან დაკავშირებითაც განცხადებას ვერ აკეთებს. ეს ერთი. მეორე — რას ნიშნავს, ჩამოვიდა, თუ ჩამოვიდა, სად არის, ანუ, არ ვიცი, ოცნებამ ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? თუ მართლა ჩამოვიდა, ალბათ ოცნების რომელიმე წარმომადგენელს ჰყავს ახლა შეფარებული და ამიტომ არ გვენახვება. [...] არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ოცნება გაბედავს მართლმსაჯულებას მისი მისამართით, იმიტომ, რომ მას ძალიან მძიმე დანაშაულებებში ედება ბრალი და განაჩენია გამოტანილი. თუ ის მართლა ჩამოვიდა, ან ჩამოვა, მთლიანად, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნებას", — აცხადებს მეზვრიშვილი.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა,

აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

ამავე თემაზე: