"შეგიძლია სმაილიკი დახატო?", — ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის პასუხი On.ge-ს კითხვაზე, თუ როგორ აფასებდა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ ის საქართველოშია.

"საიდან დავადასტურო ან არ დავადასტურო? ახლა ვუსმინე, კობახიძემ გააკეთა [განცხადება], სწორი ინფორმაცია, როდესაც დადასტურებული არ არის, ეს უნდა სპეციალურმა სამსახურმა დაადასტუროს ან უარყოს და არ არის ბათუმშიო, არსად არ არისო და არის ჩვეულებრივი ფეიქიო, ტრადიციულიო. ასე შეფასდა ეს მოვლენა", — ამბობს კახაძე.

მისივე თქმით, ამ თემას სერიოზულად არ უყურებს და თვლის, რომ სააკაშვილი იტყუება.

"ახლა მე დამიდეს ვიდეო, სადაც ჩემი მეგობრები მღერიან ფანტასტიკურ იტალიურ სიმღერას, სადაც ყველაფერი ემთხვევა, ტუჩების მოძრაობა, იმის მოძრაობა და როგორ დავიჯერო, ესენი არასდროს არ მღეროდნენ თავის ცხოვრებაში, ესე იგი, თუ ვიდეოს შევხედავ, შეიძლება თავისუფლად შევიდე შეცდომაში. დღეს ხომ ტექნიკა ისეთ დონეზეა, რომ ჩემზე უკეთესად იციან ახალგაზრდებმა როგორ შეიძლება "გაფეიქება" და ვირტუალურ სამყაროში გადაყვანა", — ამბობს დეპუტატი.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა,

აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

ამავე თემაზე: