პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომლის გამოც სააკაშვილის შეწყალება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ზურაბიშვილის თქმით, არასდროს შეიცვლის აზრს და ამის მიზეზი სააკაშვილის ჩადენილი დანაშაულებებია.

"მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია.

ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო — არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა. იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა საქრთველოს საზღვრის და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშარად შემოვიდა, რათა ქვეყანაშ დესტაბილიზაცია დაეთესა ყველა საერთაშორისო რჩევების მიუხედავად, რაც მას ობლო პერიოდშ მიუვიდა. აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქერთველოს სახელმწიფოს მშენებლობის", — განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ პრემიერმინისტრმა გაავრცელა. ბრიფინგზე მას თან ახლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა მათ არც განცხადება გაუკეთებიათ და არც კითხვებზე უპასუხიათ.

აღსანიშნია, რომ ამ ბრიფინგამდე, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იტყუება და ის არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაშია, შსს კი აცხადებდა, რომ მას არც საქართველოს და არც უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა.