გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების ოფისთან გიტარით მივიდა. "რომელზე იწყება ზეიმი?", — ჰკითხა იქ შეკრებილებს ჯაფარიძემ.

"გამარჯობა, რომელზე იწყება? არავინ იცით, რომელზე იწყება? ზეიმი რომელზე იწყება? საუნდჩეკზე რომელზე მოვიდე? 7-ზე მოვალ მაშინ საუნდჩეკისთვის?", — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა ჯაფარიძე ოფისთან მივიდა, იქ იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის ლიდერები, მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. "კაი, მობრძანდი" ასე უპასუხა მდინარაძემ ჯაფარიძეს.

ქართულმა ოცნებამ დღის 2 საათზე ოფისთან სცენისთვის საჭირო ტექნიკა მიიტანა. მმართველი გუნდისგან ეს მიღებული პრაქტიკაა. მათ აქამდეც არაერთხელ გაუმზადებიათ სცენა ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.