ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის "განსაკუთრებით საწყენია", რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც. თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს", — განაცხადა მან.

ცესკომ პირველადი მონაცემები უკვე გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, თბილისში მეორე ტური ჩატარდება. მანამდე, 2 ოქტობერს, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოფისთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე იზეიმა. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 47%-ზე მეტი უნდა აეღო, ხოლო თბილისში მეორე ტური არ ინიშნებოდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.