"სირცხვილია, წაგებას უნდა შეხვდეთ ღირსეულად", — ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს. აღნიშნული მან მედიის წარმომადგენელს პარტიაში მიმდინარე ბრიფინგზე უთხრა.

— კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართული ოცნების გუშინდელი დამაჯარებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება.

— დამაჯერებელს რაც ეძახით, ბატონო ირაკლი?

— სირცხვილია, წაგებას უნდა შეხვდეთ ღირსეულად.

— ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი, თქვენც იგულისხმებით, რა თქმა უნდა, ამაში.

ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაგვიანებით დაიწყო. თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სურდათ, წინასწარ მონაცემებს აესახა "მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა, რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე ბოლომდე არ იყო".

"მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატიული და ველოდებოდით შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას. [...] აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდეთ მაქსიმალურად ყველა საარჩევნო ოლქიდან გარკვეული რაოდენობის შემაჯამებელი ოქმების შემოსვლას, ზუსტად იმიტომ, რომ შესაბამისი პროპორციების თანაბრად დაცულობის უზრუნველყოფა შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით საერთო პროპორციულ ნაწილში გარკვეული სურათის და აღქმის შესაძლებლობას მისცემდა", — განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.