ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, თბილისში ხმების 50%-ზე მეტი დათვლილია, კერძოდ, 769 უბნიდან ამ ეტაპზე დათვლილია 445 უბანი, ანუ 57,87%.

ამ დროის მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს ხმათა 45,31% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკა მელიას — 34,21%. რაც შეეხება სხვა კანდიდატების მონაცემებს, ამ ეტაპზე ისინი ასე გადანაწილდა:

  • გიორგი გახარია — 9,1%;
  • ანა დოლიძე — 4,42%;
  • ანა ბიბილაშვილი — 2,44%;
  • გიორგი ლომია — 1,49;
  • თამარ კეკენაძე — 0,59%;
  • არინზე რიჩარდ ოგბუნჯუ — 0,58%.

ცესკომ პირველადი მონაცემები უკვე გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, თბილისში მეორე ტური ჩატარდება. მანამდე, 2 ოქტობერს, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოფისთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე იზეიმა. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 47%-ზე მეტი უნდა აეღო, ხოლო თბილისში მეორე ტური არ ინიშნებოდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.