მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, პენიტენციურმა დაწესებულებამ პროკურატურისგან მიიღო მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება.

"ციხემ მიიღო პროკურატურიდან მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება. მსგავსი რამ ფაქტობრივად არ ხდება არცერთ საქმეზე, სადაც სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულ პირებს ზარის უფლება არ ეზღუდებათ და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურამ მიიღო სამარცხვინო, მდაბიო, უღირსი გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა პირდაპირ ჟურნალისტებს ჩაერთოს, ახლობლებს დაურეკოს", — განაცხადა ადვოკატმა.

3 ოქტომბერს რუსთავის ციხეში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, სააკაშვილი 2 ოქტომბრის შედეგებით აღფრთოვანებულია და ოპოზიციას მოუწოდებს, მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.

სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.

პროკურატურის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. ექსპრეზიდენტი კი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.

ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მისმა პატიმრობამ კითხვები გააჩინა პარტნიორ ქვეყანაშიც. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერებმა დაპოსტეს, რომ ქართული მხარისგან განმარტებებს ელიან. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საელჩოს დიპლომატი ადგილობრივ უწყებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.