დედაქალაქის მერია თბილისობის ღონისძიებისთვის 498 500 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ხდება.

თბილისის მერია გალა კონცერტის მოსაწყობად, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან, მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვას გეგმავს, რის მიზეზადაც დროში შეზღუდვას ასახელებს — როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, თბილისობა 24 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო: შესყიდვების სააგენტო / თბილისის მერია

სატენდერო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მერია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებას ითვალისწინებს და სწორედ ამიტომ, კონტერტს მაყურებლები არ დაესწრებიან. პირდაპირი წესით შესყიდვის განაცხადში ისიც წერია, რომ ღონისძიებაზე თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოვებენ

"2021 წლის 24 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საზეიმო კონცერტი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩატარდება, რომლის ნახვა მაყურებელს პირდაპირი ეთერის საშუალებით შეეძლება. საზეიმო კონცერტის ძირითადი იდეა იმ ადამიანების გახსენებაა, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვეს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე", — ნათქვამია მერიის სატენდერო დოკუმენტებში.

როგორც კახა კალაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში წერია, მთაწმინდის პარკში მდებარე სცენაზე სულ 10 კომპოზიცია შესრულდება. სხვა მუსიკალური ნომრები კი, ჩართვების სახით, თბილისის სხვადასხვა უბნიდან გაჟღერდება. დოკუმენტის მიხედვით, კონცერტში მონაწილეობას სოლო შემსრულებლები, ორკესტრები, მუსიკალური ბენდები და ანსამბლები მიიღებენ.