პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვების მიზეზად მნახველთა რაოდენობას ასახელებს. მისი თქმით, ნებისმიერი პირის მოთხოვნა განიხილება და ყველას მიეცემა საშუალება მოინახულონ სააკაშვილი, თუმცა, გამორიცხულია, რომ "დღეში ყველა მსურველი შეძლებს შესვლას".

"რაოდენობა, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10-15, თუ უფრო მეტი ადამიანის შესვლა, ფიზიკურად შეუძლებელია. სადაც უკვე მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ, გამომდინარე უსაფრთხოების ზომებიდან და პენიტენციური სისტემის წესებიდან. ამიტომ არც ვაპირებ, რომ ხვალაც, ვინმეს ვუთხრა უარი, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მნახველების და მსურველების, ვისაც უნდა შევიდეს.

ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა და ეს შესაბამისი წესებით, ვხედავთ კიდეც, რომ ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის, თუ არ ვცდები, ოჯახის წევრებიც. ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნუ აქვს ნურავის მოლოდინი, რომ დღეში ყველა მსურველი შეძლებს შესვლას, ეს გამორიცხულია. საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც ლობიში შეუძლიათ ისაუბრონ. ყველა შევა, როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მიეცემათ საშუალება, რომ მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი", — ამბობს კახა კუჭავა.

საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა, პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით. გუშინ, 5 ოქტომბერს ენმ-ს რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ კუჭავამ ციხეში შესვლისთვის საჭირო ნებართვა არ მისცა.

არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან კდევ ორი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას. ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში არ შემოსულა, არამედ კვლავ უკრაინაში იყო. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.