ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უგულავა თავად ავრცელებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ონლაინ მიიღებს მონაწილეობას.

"ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს, 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება.

ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში", — წერს უგულავა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა, ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.