ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა, რომ გარკვეული მოთხოვნა სხვადასხვა გარემოში დაწესდეს.

"მინდა, კარგად და გასაგებად ავხსნათ, რას შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიმართებაში. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია, სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს ბიზნეს გარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

ბიზნესგარემოში, შესაძლოა, მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც ჩატარებული აქვს გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული და ასევე, გადატანილი მდგომარეობა. ანუ ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან რომელიმეს არჩევანის გაკეთებაა მნიშვნელოვანი", — განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მოთხოვნები, რომელსაც დააწესებენ თავის თავში აუცილებლად უნდა მოიცავდეს არჩევანის უფლებასა და შესაძლებლობას. საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს ვაქცინაციის არაერთხელ უსაუბრიათ, უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვერ ხედავს საფუძველს, რომ ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო გახდეს.