ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერია განცხადებით, როგორც ჩანს, კომპანია ალმას მათი ბანერების გაკვრა არ სურს. ასე ეხმაურება ის კომპანიის ინიციატივას, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გაკვრა აიკრძალოს. ბოკერიას თქმით, ერთი მხრივ, ეს არის ის, რაც მთავრობას აწყობს, რომ ამ მოტივით როგორმე "ეს კანონი გაქაჩონ" და მეორე მხრივ, ალმას მხრიდან "პასუხისმგებლობის ჩამორეცხვა და რეპუტაციული ზიანის შემცირება".

"ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი პოლიტიკური თავისუფლებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, სპიკერების თავისუფლებისთვის, არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, ნებისმიერი აქტიური ადამიანისთვის. ჩვენნაირ ქვეყანაში განსაკუთრებით, შინაარსში შესვლა და ამაზე დისკუსია ნიშნავს, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს რა არის სიძულვილის ენა, რა არის ცრუ ინფორმაცია, სად გადის ზღვარი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლების შესახებ და მისი ნებისმიერი ცვლილება იქნება დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი და საფრთხე ამ რეჟიმის პირობებში და ზოგადად", — აცხადებს ის.

მისი შეფასებით, ეს, ასევე, უკავშირდება მათ "თანაზომად მოთხოვნას" ამ კომპანიის მიმართ, რომ განათავსონ ევროპული საქართველოს ბანერებიც. ბოკერიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ალმამ კონტრაქტზე ხელი მოაწერა, რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ბანერი ჯერ არ არის გამოკრული. ის აღნიშნავს, რომ ალმა კონტრაქტის დარღვევის ზღვარზეა.

"შესაძლოა ეს იყოს მათი მხრიდან პიარ-სვლა, რომ ეს ყველაფერი ჩამოირეცხონ. მათი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, რომ ვიცით ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ეს რომ ქართულ ოცნებას გაეკეთებინა, ისინი უბრალოდ ინსტრუმენტები იქნებოდნენ იმ მოტივით, რომ ნებისმიერი დამკვეთის შეკვეთას ასრულებენ, მაგრამ როცა ირკვევა რომ ჩვენ გვიჭიანურებენ რეკლამას, რომელიც არის კორექტული, მწვავე სატირა, ამავე დროს ხელს აფარებენ ქართულ ოცნებას და კანონმდებლობის დარღვევით არც მიუთითეს ვისი შემოტანილია ეს ბანერი, ვინ გადაიხადა ფული, ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აღნუსხული და ასეთი კამპანია საარჩევნო პროპაგანდის ნაწილია", — განაცხადა ბოკერიამ

კომპანია ალმა სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსების კანონით აკრძალვას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საქართველომ ბანერის გაკვრის მოთხოვნით, ალმას, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მიმართა. პარტიის ცნობით, გაკვრის ბოლო ვადა, ხვალ 8 ოქტომბერს იწურება. სწორედ ერთი დღით ადრე გაავრცელა კომპანიამ აღნიშნული განცხადება და სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გაკვრის შეზღუდვა მოითხოვა. როგორც პარტიაში On.ge-ს განუცხადეს, მოლოდინი აქვთ, რომ ხვალ ბანერის გაკვრაზე უარს ეტყვიან. ევროპული საქართველოს რეკლამაზე ქართული ოცნების დამფუნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახე ღორის ფორმაშია გამოსახული.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს. 18 სექტემბერს NCDC-მა განცხადება გაავრცელა და ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება დაგმო. ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ ცესკოში საჩივარი შეიტანა სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), ერთიანმა ნაციონალურმა და პარტია დროას თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ.

თავად კომპანია ალმამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავდნენ, რომ ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა და მათ ვიზუალზე პასუხისმგებლობას იხსნიდნენ. თუმცა, კომპანიაში, ასევე, აცხადებდნენ, რომ ე.წ. "სისხლიანი" ბანერების შინაარსი მათთვის მიუღებელი იყო. კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების დარღვევაზე.

28 სექტემბერს ცესკო-ში განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამის მიზეზად უწყებაში ასახელებენ იმას, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით არ მომხდარა და მათი დამზადება შპს ალმას ფიზიკურმა პირმა დაუკვეთა.

29 სექტემბერს, ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციური პარტიების კვოტით არჩეულმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ გადაწყვეტილება თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო. ის ამბობს, კომისიას ამის შესახებ არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ ფორმატში არ უმსჯელოა. სიორიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავად ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას.

ამასთან, 30 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სასახურმა ე.წ. სისხლიანი ბანერების განთავსების ხარჯების კანონიერების შესწავლა დაიწყო. უწყებამ კომპანია ალმასგან გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების დამკვეთის, მათი განთავსების ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.

გაიგე მეტი: