On.ge-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მალე ამ თემაზე განცხადებას გაავრცელებს.

ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრეს, რის შემდეგაც კლინიკაში გარდაიცვალა. ის Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში იყო. კვარაცხელია, ასევე, საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შემქმნელია.

შსს-ს ცნობით, საქმეში ბრალდებულები 21 წლის ა.ჭ. და 22 წლის გ.კ. არიან, რომლებიც უწყების განცხადებით, კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად 20 სექტემბერს შეუფარდეს.