ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსში მშენებლობაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში, მერიას ნებართვა არ გაუცია. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ნგრევის მიზეზები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით, იმიტომ, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და გაირკვევს ნგრევის მიზეზები. თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რომ უკანასკნელი 10 წლის და მეტი ხნის განმავლობაში, არც მიშენებაზე, არც დაშენებაზე მერიისთვის არც არავის მოუმართავს და არც მერიას გაუცია ნებართვა", — ამბობს ლელა სურმანიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ლელა სურმანიძე ასევე ამბობს, რომ კორპუსი 6-სართულიანი იყო, დაახლოებით 20 წლის წინ კი მე-7 სართული დააშენეს.

"ეს ნებართვით იყო თუ უნებართვოდ, ამის გარკვევა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, არქივში დოკუმენტების მოძიებით. თუმცაღა, დღეს ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ მოგვეცა", — თაქვა სურმანიძემ.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები 12 საათზე მეტია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ამ დროისთვის გამოყვანილია ორი ადამიანი, ორივე მათგანი ცოცხალია. ცნობილია, რომ ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კაცის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას On.ge ამ წუთებშიც ცდილობს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზი. შს მინისტრის თქმით, შესაძლოა, ეს ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოები იყოს, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დაძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.