იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ გრიპის შემთხვევებმა იმატა, იმის რისკიც იზრდება, რომ ადამიანი ერთდროულად კორონავირუსითა და გრიპით დაინფიცირდეს, რაც სიკვდილის რისკს ზრდის.

"შესაძლებელია, ეს მატება შეფასებული იყოს, როგორც კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა. თუ აციების კვალდაკვალ ჩვენ დავაფიქსირებთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გრიპია ყველაზე საშიში, მაშინ ჩვენ ძალიან მძიმე ზამთარი გველის, ძალიან მძიმე შემოდგომა გველის. რისკი იმის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს ერთდროულად კორონავირუსით და გრიპითაც, იზრდება და ეს რისკი არ არის მხოლოდ ინფიცირება ამ რისკის უკან დგას დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა, სამწუხაროდ, გარდაცვალების უფრო მაღალი რისკიც", — აცხადებს ის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ გაჩნდა ახალი ტერმინი, ე.წ. ტვინდემია. გამყრელიძის განმარტებით, ეს გულისხმობს გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებას.

13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 1 586, ხოლო გარდაიცვალა 26 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 386 კვლევა ტესტით, მათ შორის, 32 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 169 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,79%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 6,95% ხოლო 7 დღის მანძილზე — 8,52%.