ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოში წვერობის კანდიდატის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, საკრებულოს შენობაში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა იპოვა.

"როგორც მითხრეს, ეს არის ინტერნეტის დამხშობი აპარატურა, რომელიც მესამე სართულიდან ჩამოიტანა ვიღაც უცხო პირმა. იმხელა ხმა ჰქონდა, იმხელა ჩემოდნებია, ასე რომ ვთქვათ, მიიქცია ჩემი ყურადღება, ამ სიბნელეში მივედი ახლოს, ვკითხე "ვინ ხარ-თქო" და გაიქცა. ეს აპარატურა დატოვა აქ. ჩემი ინფორმაციით, დადასტურებულად ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურაა", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

On.ge აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღეს, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას ინტერნეტის ხარვეზზე საუბრობდა მთავრი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ის ამბობდა, რომ აქციაზე "ყველაფრის დახშობა დაიწყეს".

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დღეს ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.