სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რუსთავის ციხეში ორი პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოება პენიტენციური სამსახურის შეტყობინების საფუძველზე, სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.

"დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია", — წერია ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე დაათვალიერეს ადგილმდებარეობა და დანიშნეს სამედიცინო ექსპერტიზა. შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ხანძრის კერის ადგილის დათვალიერების შემდეგ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა. გარდა ამისა, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა. ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე მიმართეს პენიტენცურ სამსახურს №17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოითხოვონ ისინი.

გუშინ, 14 ოქტომბერს, რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს ორი პატიმარი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია On.ge-ს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. უცნობია გარდაცვალება დაკვამლიანებამ გამოიწვია თუ დამწვრობამ — უწყება ამ ეტაპზე მეტ დეტალს არ ასაჯაროებს.