განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 687 კლასი გადავიდა. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, მათი ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების — 0,6%-ს. ამასთან, სამინისტროს განცხადებით, სკოლებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და დღეის მონაცემებით, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ია აცრილი.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით და მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.