ნინო ლომჯარიას განცახდებით, პენიტენციურმა სამსახურმა და სახელწიფო ინსპექტორის აპარატმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილების შესახებ სახალხო დამცველის აპარატს არ აცნობეს. მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლები პატიმრებს უკვე შეხვდვნენ, თუმცა, ინფორმაციის გასაცნობად და ვითარებაში გასარკვევად, მათ თავადაც გაესაუბრება.

"გავიგეთ, რომ გარდაცვლილია ხანძრის შედეგად ორი პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე. დღეს უკვე რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე. ვიცი, რომ გაესაუბრნენ პატიმრებს, ასევე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მათთვისაც იგივე ინფორმაციაა ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდგომ, იმყოფებოდა იქ ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილოდა სხვა პატიმარი და ისიც სავარაუდოდ, არის გარდაცვლილი", — ამბობს ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, შეეცდება პატიმრებთან გაარკვიოს, იყო თუ არა საჭირო შენობიდან ევაკუაცია, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ლომჯარია ამბობს, რომ დაშავებულებზე ინფორმაცია არ აქვს, რაც შეეხება გარდაცვლილებს, მისი თქმით, ისინი 14 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ არ იცის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალენ, თუ მანამდე.

"ჩემი მოსვლის მიზანი არის, რომ გავესაუბრო თავად პატიმრებს და მათგან მივიღო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, მაგრამ გავეცნობით ვითარებას და გავესაუბრებით პატიმრებს", — აღნიშნა მან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს ორი პატიმარი გარდაიცვალა. უცნობია გარდაცვალება დაკვამლიანებამ გამოიწვია თუ დამწვრობამ — უწყება ამ ეტაპზე მეტ დეტალს არ ასაჯაროებს. მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო.