ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ წერილს ფარისევლურს უწოდებს. მისი თქმით, წერილზე ხელმოწერები იმ ოჯახებს უპირისპირდებიან, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდა.

"ფარისევლურია ეს განცხადება, ვინაიდან არა მარტო იმ დანაშაულებებშია მხილებული იგი საზოგადოების მიერ. საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომელიც მისმა კასტამ ჩაიდინა. უამრავი ნაწამები ადამიანი და არამარტო ნაწამები ადამიანი, ღირსებაშელახული ადამიანი, დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ამ განცხადებაზე ხელმომწერები, ყველანი, თითოეული მათგანი, უპირისპირდება იმ ოჯახს, რომლის კისერზეც, რომლის ისტორიაზეც, რომლის ყოველდღიურობაზეც გადაირა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა", — ამბობს ვოლსკი.

დღეს, 18 ოქტომბერს ევროპარლამენტარების, ყოფილი პრეზიდენტების, ელჩების, მინისტრების ღია წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სანამ მისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის სამართლიან სასამართლო პროცესზე წარსდგება.