ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს და სხვებს მოუწოდებს, რომ უარი თქვან ქართულ ოცნებაზე და აირჩიონ სამშობლო.

"მოგიწოდებთ ყველას, უარი თქვით არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ თვალის დახუჭვაზეც თქვენს თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე. უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის", — აცხადებს ის.

სააკაშვილი, ასევე, მოუწოდებს სპეცრაზმელებსა და პოლიციელებს, რომ არ დაარბიონ საპროტესტო აქციები, რადგან მათი მოვალეობა მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაა.

"მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის. მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში", — წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

ამავე განცხადებაში ექსპრეზიდენტი სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სახელმწიფო მიზერულ ხელფასზე, დამამცირებელ პირობებში ამუშავებს.

"ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან. ძვირფასო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებო, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ, პირიქით, სახელწიფოს აქვს თქვენი ვალი, ვინაიდან თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს", — წერს ის.

სააკაშვილი, ასევე მიმართავს სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, რომ ღიად თქვან სიმართლე.

"მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში.

ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან", — წერს ექსპრეზიდენტი.

გაიგეთ მეტი: