72 ევროპელი პოლიტიკოსის წერილს ქართული ოცნების დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი პირადი უერთიერთობების საფუძველზე შექმნილ სუბიექტურ მოსაზრებას უწოდებს. ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ასევე, განაცხადა, რომ პოლიტიკოსობა კანონის წინაშე იმუნიტეტის ქონას არ ნიშნავს და კანონებს ერთეულ პოლიტიკოსებს არ არგებენ.

"პირადი უერთიერთობების საფუძველზე შექმნილ სუბიექტურ მოსაზრებას გამოხატავს საქართველოსთან მიმართებაში. როგორც საქართველოს ამაყ მოქალაქეს არ მაქვს სურვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტები ან სახელმწიფო მოხელეები მოღვაწეობის შემდეგ იქ ხვდებოდნენ, სადაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტია. მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ორმაგი სტანდარტების დანერგვას თავი აარიდოს და ვიხელმძღვანელოთ სწორედ იმ ევროპული სტანდარტით, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით", — ამბობს ბოჭორიშვილი.

18 ოქტომბერს ევროპარლამენტარების, ყოფილი პრეზიდენტების, ელჩების და მინისტრების ღია წერილი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, სანამ მიხეილ სააკაშვილი წაყენებული ბრალდებებისთვის სამართლიან სასამართლო პროცესზე წარსდგება, ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.