სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 226 662 ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის იმავე თვის მონაცემთან შედარებით 349%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელს 71%-ით ჩამორჩება. ეს ნიშნავს იმას, რომ ტურიზმი სექტემბერში პანდემიმადელ მონაცემებთან შედარებით 29%-ით არის არდგენილი.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც სექტემბერში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:

  1. რუსეთი — 33 139 ვიზიტი, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ზრდა — 649%;
  2. თურქეთი — 32 281 ვიზიტი, ზრდა — 74%;
  3. უკრაინა — 22 972 ვიზიტი, ზრდა — 2 039%;
  4. საქართველო (არარეზიდენტი) — 21 322 ვიზიტი, ზრდა — 301%;
  5. სომხეთი — 18 158 ვიზიტი, ზრდა — 86%;
  6. ბელარუსი — 11 858 ვიზიტი, ზრდა — 1 121%;
  7. ყაზახეთი — 10 930 ვიზიტი, ზრდა — 1 920%;
  8. საუდის არაბეთი — 9 338 ვიზიტი, ზრდა — 1 036 656%;
  9. აზერბაიჯანი — 8 726 ვიზიტი, ზრდა — 120%;
  10. ისრაელი — 7 896 ვიზიტი, ზრდა — 8 483%.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებლებს, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 1 188 234 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 13,2%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემს 80,1%-ით ჩამორჩება.

ამ დროისათვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სექტემბრის თვის მონაცემები არ არის ცნობილი. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უცხოური ტურიზმიდან 703,9 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,6%-ით აღემატება — 2020 წლის პირველ რვა თვეში ტურიზმიდან ქვეყანაში 483,4 მილიონი დოლარი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

გაიგეთ მეტი: