ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 226 662 ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 349%-ით მეტია. 2020 წლის სექტემბერში, როდესაც ჯერ კიდევ მკაცრი კოვიდ შეზღუდვები მოქმედებდა უცხოელმა ვიზიტორებმა საქართელოში 50 499 ვიზიტი განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბერში უცხოური ვიზიტების რაოდენობა 784 280 იყო — შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ ტურიზმი სექტემბერში პანდემიმადელ მონაცემებთან შედარებით 29%-ით არის არდგენილი.

უნდა ითქვას ისიც, რომ სექტემბერში, მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 39 882-ით (15%) არის შემცირებული.

მიმდინარე წლის სექტემბერში ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა. ამ სამი ქვეყნიდან განხორციელებული ვიზიტების წილი საქართველოში შემოსულ სტუმრების მთლიან რაოდენობაში 39% იყო.

სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების ძირითადი ნაწილი, 58,1% საჰაერო გზით, 40,8% — სახმელეთო, 0,9% — სარკინიგზო, ხოლო 0,3% საზღვაო გზით განხორციელდა.

სექტემბერში ვიზიტების 7,5% ერთდღიანი იყო, ხოლო 92,5% — ტურისტული. ტურისტულში ისეთი სახის ვიზიტები იგულისხმება, როდესაც ვიზიტორი მინიმუმ ერთი ღამით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებლებს, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 1 188 234 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 13,2%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემს 80,1%-ით ჩამორჩება.

ამ დროისათვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სექტემბრის თვის მონაცემები არ არის ცნობილი. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უცხოური ტურიზმიდან 703,9 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,6%-ით აღემატება — 2020 წლის პირველ რვა თვეში ტურიზმიდან ქვეყანაში 483,4 მილიონი დოლარი შემოვიდა.

მხოლოდ აგვისტოში ტურიზმმა 198,8 მილიონი დოლარი მოგვიტანა, რაც 2020 წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1 243%-ით მეტია. აქ განსაკუთრებით არის ასახული პანდემიის ეფექტი, რადგან გასული წლის აგვისტოში ტურიზმიდან 14,8 მილიონი დოლარი შემოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 51,8%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.