ექსპრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, მაგრამ თანახმაა ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ შრომისუნარიანი იყოს და მიმდინარე მოვლენებში ჩაერთოს. სააკაშვილის წერილი ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.

"სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა. ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, მანამ გამოვადგე საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", — წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის მე-20 დღეა შიმშილობს. 13 ოქტომბერს, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე სახალხო დამცველსა და დეპუტატებს შორის უწყებათაშორისი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი 19 ოქტომბერს მოინახულეს. ორი დღის განმავლობაში სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ითხოვდა, რომ კონსილიუმი ციხეში უფრო ადრე შესულიყო. ყიფშიძის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად ცვალებადია და საჭიროა დროული რეაგირება.

გაიგე მეტი: