5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღეს 4 სასამართლო სხდომა ჩატარდა, სადაც ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე 27 ბრალდებულისთვის, რაც დაკავებულთა მხოლოდ ნაწილია, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და მტკიცებულებების დაუშვებლობაზე იმსჯელეს.

წინასასამართლო სხდომებზე ბრალდებულების ადვოკატთა ნაწილი პატიმრობის გირაოთი შეცვლას, ნაწილი კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.

27 ბრალდებულს შორის იყო TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებული, დავით კუტალაძეც. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ, კუტალაძე აქტიურად ავრცელებდა ძალადობრივ მოწოდებებს, ემუქრებოდა მედიასა და აქტივისტებს, ადვოკატი პროცესის მიმდინარეობისას საუბრობდა, რომ საქმეში არ არსებობს "არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება", რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდება. მეტიც, მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც ბრალდების მხარემ, შესაძლოა, რომ ყურადღება გაამახვილოს TV პირველის დაზარალებული ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას ორი "ურთიერთგამომრიცხავი" ჩვენებაა.

კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 ივლისს შეეფარდა. ის 13 ივლისს სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ ის არა მოძალადე, არამედ "ქართველი ვაჟკაცია". მიუხედავად იმისა, რომ მისი არაერთი ძალადობრივი მოწოდებაა ცნობილი, ის ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ცდილობენ მისგან მოძალადე და "განტევების ვაცი" შექმნან. სასამართლოს დარბაზში ის ჰომოფობიურ განცხადებებსაც ავრცელებდა და ლგბტ თემს დამამცირებლად მოიხსენიებდა.

შსს-მ კუტალაძე 12 ივლისს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობისთვის დააკავა.

5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურნალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო, მედიამ იმ დღესვე საპროტესტო აქცია გამართა, რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.