პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 21 ოქტომბერს შინაგანაწესი დაარღვია, როცა მხარდამჭერებს ფანჯრიდან მიმართა. უწყების განმარტებით, სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და დღეს საშხაპის ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც დაცვას შესვლის უფლება არ აქვს. მათივე თქმით, სააკაშვილმა ამ გარემოებით ისარგებლა, თუმცა დაწესებულების თანამშრომლებმა "უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს".

უწყებაში აცხადებენ, რომ ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და "ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას", მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევა, ამიტომ სააკაშვილის გადაძახილზე "კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს".

"ინფორმაციისთვის: დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს.

საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი; კერძოდ, #12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის #526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 21 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, როცა ერთ-ერთი ფანჯრიდან ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადმოიხედა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის ფანჯრის გახსნას ცდილობდა, რის შემდეგაც გამოიხედა, შეკრებილებს გადმოსძახა და ხელით გული უჩვენა. მხარდამჭერები მის სახელს სკანდირებდნენ და "მიშა მაგარიას" მღეროდნენ.