მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ის 19 ოქტომბერს დააკავეს და ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, ნარიმანიძე იმ მანქანის მძღოლი იყო, რომელშიც ექსპრეზიდენტი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იჯდა. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ 29 სექტემბერს, დღის საათებში, ელგუჯა ცომაია დაუკავშირდა მის მეგობარ გიორგი ნარიმანიძეს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. უწყების განცხადებით, ნარიმანიძე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამავე დღეს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ SCANIA-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც იმყოფებოდა გიორგი ნარიმანიძე და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. მათი განცხადებით, ისინი თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ.

პროკურატურის განცხადებით, ცომაიას ბინასთან მხოლოდ ცომაია და სააკაშვილი ჩამოვიდნენ, ხოლო ნარიმანიძემ გზა გააგრძელა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში.

გაიგეთ მეტი: