ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია იმედის გავრცელებული ვიდეო ადასტურებს, რომ სააკაშვილმა წინასწარ დაგეგმა ტყუილი, რომლის შეთავაზებასაც საზოგადოებისთვის აპირებდა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ექსპრეზიდენტი ასე იქცევა.

"პირდაპირ ჩანს, რომ ეს ჩანაწერი გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ საზოგაოდებას ენახა, როგორც ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ის შესთავაზებდა საზოგადოებას. პირდაპირ, წინასწარ განზრახული, ჩაწერილი ტყუილი. ასე, რომ შეგვიძლია პირდაპირ მიმიკა შევისწავლოთ, რა მიმიკა აქვს ადამიანს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის იტყუება", — განაცხადა პაპუაშვილმა იმედის ეთერში.

21 ოქტომბერს იმედმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩანს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეს ვიდეო ტრაილერში არის გადაღებული, როცა სააკაშვილი უკრაინიდან თბილისში მოდიოდა. მათივე მტკიცებით, თუ ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა სააკაშვილი მისივე "გატაცების სცენარს აამუშავებდა" და კადრები წინასწარ სწორედ ამისთვის ჩაწერა. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ "ეს არის მოტაცება" და "არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს".

ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ვიდეოს ავთენტურობას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროებით პროკურატურამ კანონი დაარღვია და ახლა მანიპულაციისთვის გამოიყენება.

"გუშინ საღამოს მე გადმომეცა სრული მასალები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რაც პროკურატურას გააჩნია, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები. ამ მასალების მიხედვით სააკაშვილის მობილური ტელეფონები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ისე, რომ ამ დრომდე ეს ტელეფონები გახსნილი არ არის, ამ დრომდე ამ ტელეფონებიდან ინფორმაცია მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული არ არის ოფიციალურად. შესაბამისად, რა გამოდის, რომ ტელეიმედს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ტელეფონიდან ჩანაწერები მიაწოდა ისე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებული არ არის, არ წარმოადგენს მტკიცებულებას", — აცხადებს ბასილაია TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ენდობიან, სურთ ეს ყველაფერი აღრიცხული იყოს იმ დროისთვის, როცა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იარსებებს.

"ეს არის უკანონობა, რაც ჩაიდინა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იმედმა. ეს არ არის ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვება, ეს არის ჟურნალისტური წყაროების გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებით ისეთ მასალის გავრცელებაზე, რაზე წვდომის უფლება არავის არ შეიძლება ქონდეს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ჟურნალისტმა რა ხერხებით მოიპოვა", — განაცხადა მან.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე. მათივე ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან გემით შემოვიდა ფოთის პორტში.

გაიგეთ მეტი: