სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, რევაზ ლაზიშვილმა ზუგდიდში ყოფილი ძალოვნების სახლების ჩხრეკის და დაკავების პროსტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არ შეეძლო კაბინეტიდან ეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩატარებული ქმედებებისთვის და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

"ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის დაკავებამ, რომელთანაც მე მიმუშავია და კარგ პოლიციელად ვახასიათებ. რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. უბრალოდ არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩატარებულ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწვეტილება დავტოვო თანამდებობა", — აცხადებს ლაზიშვილი.

გუშინ ღამით ხობში ორი ყოფილი ძალოვანის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს და ერთ-ერთი მათგანი დააკავეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტების კითხვას მომხდართან დაკავშირებით უპასუხა, რომ სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა. სხვა კომენტარს ამ ეტაპზე შსს არ აკეთებს.