განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე 219 სკოლა და 493 კლასი გადავიდა. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, მათი ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების — 0,5%-ს. ამასთან, სამინისტროს განცხადებით, სკოლებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და დღეის მონაცემებით, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%-ია აცრილი.

უწყებაში ამბობენ, რომ სკოლაში სრულად ვაქცინირებული პირები ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტებიან. ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები, ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით.

მათივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არის აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით და მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.