გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩია ითხოვს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გაუშვან. მისი აზრით, ეს ქვეყანაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას განმუხტავს.

"სრულიად სერიოზულად ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთის კლინიკაში გაუშვან. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება, რაც ქვეყანაში არსებობს და კიდევ იქნება. ამიტომ, ხელისუფლებამ ამ გზების ძიება უნდა დაიწყოს, რაც, ჩემი აზრით, მათი თამაშისთვის არ არის საწინააღმდეგო, პირიქით", — ამბობს ხვიჩია.

ამასთან, ხვიჩია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სააკაშვილი და ხელისუფლება "შეკრულები არიან", ხელისუფლებას კი საკუთარი "სცენარის" განხორციელებისთვის არჩევნების შემდეგ პატიმრობიდან სააკაშვილის სწრაფად გათავისუფლება სჭირდება.

"ჩემი ვერსია იცით, რომ შეკრულები არიან. ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, რომ სააკაშვილი არჩევნების მერე რაც შეიძლება სწრაფად, ახალ წლამდე, გაზაფხულამდე გათავისუფლდეს და თავისუფლებაზე დაბრუნდეს, სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი კარგი გზაა", — აცხადებს ის.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 22 დღეა შიმშილობს.