შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რაფავამ გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ ჭაბუკა რაფავამ თანამდებობდა ლექსო რაფავას უკანონო დაკავების გამო დატოვა.

"კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა სამსახური იმის გამო, რაც ლექსო რაფავას გაუკეთეს. იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. ჭაბუკა რაფავა, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა თავის ქვეყანას. არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დატოვოს სისტემა. ეს არის ხელისუფლების სინდისზე და მოვუწოდებ მუშაკებს, რომ ნუ შეასრულებენ პოლიტიკოსების ბინძურ დაკვეთას, — ამბობს გუნავა მთავარ არხთან.

21 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, რევაზ ლაზიშვილმა ზუგდიდში ყოფილი ძალოვნების სახლების ჩხრეკის და დაკავების პროსტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არ შეეძლო კაბინეტიდან ეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩატარებული ქმედებებისთვის და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი ძალოვნის, რუსლან შამახიას სახლშიც. შამახიას თქმით, წაღებულია მის სახელზე გაფორმებული იარაღი.