ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში მთავრობა გეგმავს იმიტირებულ ბუნტს და შემდეგ მის ლიკვიდირებას.

"ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველები, პირველ რიგში, ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ციხის ე.წ საავადმყოფო არ არის მინიმალური გარანტიაც კი უსაფრთხოების დაცვის. რასაც ახლა ჩვენ ვიღებთ გარანტიების სახით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა თითქოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, არის სააკაშვილის უსაფრთხოება, სინამდვილეში, სრულიად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს.

"ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით, ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და ვაცხადებთ, რომ მათ შორის უსაფრთხოების სერიოზული პობლემების გამო სააკაშვილი არ შეიძლება იყოს გადაყვანილი ციხის სტაციონარში", — აცხადებს გვარამია.

გარდა ამისა, მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ციხის საავადმყოფოში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც "ამაზე იზრუნებს".

დღეს, 24 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში ხელისუფლება იმიტირებულ ბუნტსა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 24 დღეა, რაც შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გადაიყვანენ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევებს ჩასატარებლად. ადვოკატები ექპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გუშინ, 23 ოქტომბერს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა პოზიცია ჰქონდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე იუსტიციის სამინისტროს მაშინ, როცა ყიფშიძე უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. ექიმმა თქვა:

"მაშინ ჰქონდა პოზიცია ის, რომ იმსჯელებენ, რომელ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, სამოქალაქო საავადმყოფოში. ლაპარაკი იმ დროს გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ იყო".

მოგვიანებით, აღნიშნულზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება და "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".