ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ გვჭირდება. მინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია იმ მიზეზების კვლევა, რის გამოც უარს ამბობენ ადამიანები ვაქცინის გაკეთებაზე და შემდეგ, მათი დაყოლიება, რომ აიცრან.

"მე ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანი არის, რომ გამოკვლეული იყოს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე, მოხდეს მისთვის განმარტების მიცემა და შესაბამისად, დაყოლიება ამ პროცესზე", — განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვას, ხომ არ არის ამ საკითხის გამო მასსა და ამირან გამყრელიძეს შორის დაპირისპირება, ტიკარაძემ ასე უპასუხა:

"სწორედ ეს არის დემოკრატია ... არანაირი დაპირისპირება არ არის. არ არის ამის საფუძველი. არავინ არ წყვეტს იქ პიროვნულად, ჩვენ ვმსჯელობთ საბჭოზე და ვიღებთ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას".

გუშინ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ნოემბერში აცრის სავალდებულოობაზე გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო. გამყრელიძეს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას, თუნდაც გარკვეული პროფესიულ ჯგუფებში, მაგალითად, პედაგოგებისთვის. გამყრელიძის აზრს იზიარებს მისი მოადგილე, პაატა იმნაძეც. იმნაძის განცხადებით, ევროპაშიც უამრავი ქვეყანაა, სადაც პროფესიული ნიშნით ვაქცინაცია სავალდებულოა. კოლეგების აზრს იზიარებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეც. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო უნდა იყოს პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის და ორსულებისთვის. ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივაზე მთავრობა მზაობას არ გამოხატავს.

დღეს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ თეორიულადაც კი არ არსებობს ალბათობა, რომ ძალდატანებით მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია.