სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ომბუდსმენი ნებისმიერ თავის საქმიანობას ახორციელებს მკაცრად პროფესიულ საწყისებზე. ამით ის გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სახალხო დამცველის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ბურჯანაძის თქმით, თუ კონკრეტული ადამიანის უფლებების საკითხები ქართული ოცნებისთვის მიუღებელია, ეს მათი პრობლემაა.

"მე არ მომისმენია განცხადება უშუალოდ ჩვენს პოლიტიკურ ანგაჟირებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროა, თუ ვინმე ამგვარად ფიქრობს. საქართველოს სახალხო დამცველი ნებისმიერ თავის საქმიანობას ახორციელებს მკაცრად პროფესიულ საწყისებზე. [...] ბუნებრივია, მე ვერ მივიღებ ნებისმიერი პოლიტიკოსის შეფასებას ჩვენი საქმიანობის პოლიტიკურობასთან დაკავშირებით. თუკი კონკრეტული ადამიანის უფლებების საკითხები მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მიუღებელია, ეს, ბუნებრივია, მათი პრობლემაა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, ვაგრძელებთ ადამიანთა უფლებებისთვის და ვაგრძელებთ იმისთვის, რომ სტანდარტები გავაჟღეროთ. ვიღაცას ეს არ მოეწონება ყოველთვის, მაგრამ ამის გამო ჩვენ ჩვენი საქმიანობის განხორციელებისგან თავი არასდროს შეგვიკავებია", — განაცხადა ბურჯანაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და პოლიტიკური ინტერესი აქვთ. კობახიძის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად მოქმედებაა.

24 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა. მისი თქმით, გუშინ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა ე.წ. ციხის საავადმყოფოში და მათი შეფასებით დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად.