ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოში არსებულ მაღალ ინფლაციას აქვს წინაპირობები და ეს ტურიზმის შემცირებას, მაღალ ფისკალურ დეფიციტსა და საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.

გვენეტაძე ეხმაურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხოლვასაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველო 13,05%-იანი ინფლაციით მსოფლიოში მე-16 ადგილს დაიკავებს.

"არის ხოლმე კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ინფლაციებს შორის მე-16 არის, მაგრამ მათ, ვისაც ეს სტატისტიკები მოჰყავს, უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები პანდემიის გამო უფრო მეტად დაზარალდნენ.

თუ 2019 წელს ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში დაახლოებით 12% იყო, ეს 2020 წელს 2%-მდე შემცირდა. ანუ, საქართველოსთვის ეს შოკი არის უფრო მაღალი.

როდესაც ვამბობთ, რომ [ინფლაცია] ერთ-ერთ მაღალი არის, დიახ, არის, მაგრამ ამას აქვს წინაპირობები, რადგან ტურიზმთან, შემოსავლების დაკარგვასთან, ფისკალურ დეფიციტთან დაკავშირებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა", — განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ყველაზე მაღალი ინფლაცია იქნება:

  1. ვენესუელა — 2 700%;
  2. სუდანი — 115,5%;
  3. სურინამი — 48,6%;
  4. იემენი — 45%;
  5. ზიმბაბვე — 41%;
  6. ირანის ისლამური სახელმწიფო — 30%;
  7. ზამბია — 23,2%;
  8. ანგოლა — 22%;
  9. ლიბია — 21,1%;
  10. თურქეთი — 16,7%;
  11. თურქმენეთი — 16%;
  12. კომოროსი — 15,6%;
  13. ნიგერია — 15%;
  14. ჰაიტი — 15%;
  15. სიერა ლეონე — 14,6%;
  16. საქართველო — 13,1%;
  17. ყირგიზეთი — 12,6%;
  18. გვინეა — 11,3%;
  19. უზბეკეთი — 10,6%;
  20. უკრაინა — 10,2%.

კობა გვენეტაძემ ინფლაციასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვებას ეძღვნებოდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული განაკვეთი ამაზე მაღალი ბოლოს 2008 წელს იყო.

რეფინანსირების განაკვეთის 10%-ზე შენარჩუნება სწორედ ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას უკავშირდება, რადგან ამ განაკვეთის საშუალებით ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 12,3% შეადგინა. აგვისტოში კი ინფლაციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 12,8%-ს მიაღწია.

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 15,9%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 4,99%-იანი წვლილი შეიტანა.

ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას 2022 წლის გაზაფხულიდან ელოდება. სებ-ის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

გაიგეთ მეტი: