ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია. ის ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციას გეგმავდა. ასე ეხმაურება ის სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებას, რომელმაც ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის "იმიტირებული ქრონიკის" ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც ნაციონალური მოძრაობისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობას სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ განაცხადა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე შეტევას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დროს ხელისშეშლა იგეგმებოდა. უწყებამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე გამოძება დაიწყო.

სუს-ის თანახმად, საუბარი იყო აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებასთან. უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ მსგავს ქმედებებს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის დროსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.