ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევები მცდარია და ეს არა არაკომპეტენტურობის, არამედ გაყალბების შედეგია. ასე ეხმაურება ის მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსა და ტელეკომპანიის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებს შორის სხვაობას.

"აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის, მთავარის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელებას", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ, ასევე, განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია და მისი ჯანმრთელობის გაუარესების სიმულირებით ენმ პროვოკაციას გეგმავდა.

"სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს", — ამბობს ირაკლი კობახიძე.

მთავარი არხი კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობას წყვეტს და სასამართლოშიც უჩივის. ოპოზიციური არხი IPSOS-ს არაკეთილსინდისიერ და არაპარტნიორული ქმედებაში ადანაშაულებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ, არამედ რეპუტაციული ზიანისა და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას მანიპულაციური გუშინ, 28 ოქტომბერს უწოდა. პაპუაშვილის თქმით, როდესაც რიცხვების გადაკეთება მოხდა, ზუგდიდის შემთხვევაში ძველი მონაცემი ჩარჩა, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება.

IPSOS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მამუკა წოწერიას 51% აქვს, ანზორ მელიას — 49%. მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ეწერა, რომ ზუგდიდში ანზორ მელიას 54,7% ჰქონდა, მამუკა წოწერიას 45,3%.