ლელოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

"აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მე ვტოვებ პარლამენტს", — თქვა მან.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციამ სამომავლო გეგმების შესახებ უნდა განაცხადოს.

აქციას უერთდება მოძრაობა სირცხვილიაც. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა "ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა", შესაბამისად, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და აცხადებენ, რომ დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების გზა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტია.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ "მოპარული არჩევნები" რომელიმე ხელისუფალს შერჩება.

გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.

შედეგებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში, ნიკა მელიამ და არჩევნებს "გაუქმებული" უწოდა. მისი თქმით, ბევრ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მოპოვებული გამარჯვება ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და "ვითომც არ იყო მოპოვებული ისე წაიღო, საკუთარ სხვადასხვა რეზიდენციებში".