ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ პარლამენტში ყოფნის აზრს ვერ ხედავს და მანდატის გარეშეც შეუძლია ბრძოლა.

"მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ.

მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია ისე ვიბრძოდი)

ქართული ოცნება უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე", — წერს წითლიძე ფეისბუქგვერდზე.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია და იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებენ.

31 ოქტომბერს ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მელიას თქმით, უკან დახევას არ აპირებენ და აქციას გამართავენ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, ბოლოს 6 ნოემბერს აქცია თბილისში გაიმართება.

ამასთანავე, ლელოს ლიდერმა და ოპოზიციის საერთო ვიცე მერობის კანდიდატმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ პარლამენტის მანდატს ტოვებს.