აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე. საელჩო ხაზს უსვამს, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, თან იმის ფონზე, როცა საბჭოს წევრების ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.

"თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა.

დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით", — აცხადებენ საელჩოში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას.

"სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს", — აცხადებენ საელჩოში.

მათივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნესინვესტიციების მოსაზიდად", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ საკითხს დღეს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს საქართველოში, თუმცა დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევაზე განცხადებები გაავრცელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის შეფასებით, მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით კი, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ორი ახალი წევრის ვადაზე ადრე დანიშვნა გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არის მიპყრობილი.

ხოლო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებულ მცდელობას შეინარჩუნოს გავლენები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ისინი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.